English / ქართული / русский /
ეთერი ხარაიშვილიეკატერინე ზვიადაძე
სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში შეფასებულია სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების როლი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. გაანალიზებულია საქართველოს სოფლის მეურნეობაში წარმოების პარამეტრები, ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებითი ანალიზის გზით განხილულია სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები. კვლევისა და ექსპერტული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლენილია სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების პრობლემები: სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე, წვრილმასშტაბური ფერმერული მეურნეობები, მაღალი ფასები აგროსასურსათო პროდუქტებზე, ინფლაციის მაღალი დონე, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის არასასურველი თანაფარდობა, ინვესტიციების მცირე მოცულობა, სოფლის მეურნეობისადმი სუსტი საბიუჯეტო და პოლიტიკური მხარდაჭერა. გამოვლენილი პრობლემების შესახებ წარმოდგენილია დასკვნები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები. 

საკვანძო სიტყვები: სასურსათო უზრუნველყოფა, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, აგროსასურსათო სექტორი, მდგრადი განვითარება, პრიორიტეტების სქემა.

გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის მთავარ გამოწვევად კვლავ მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა განიხილება. ათასწლეულის განვითარების მიზნებით მიღწეული შედეგები, როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში, საკმარისი არ აღმოჩნდა სიღარიბის დასაძლევად და სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად. 

მსოფლიოს განვითარების ახალი დოკუმენტი „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ სამ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტს მოიცავს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა[1].  მკვლევართა მიერ აღიარებულია, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის.  მშპ-ში სოფლის მეურნეობის დარგში ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტად ამცირებს სიღარიბეს, ვიდრე სხვა დარგში[2].  ამასთან, ეკონომიკური ზრდა მდგრადი განვითარების კონცეფციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუმცა, მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფისათვის  აუცილებელია  ამ პრობლემის არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემების შესწავლაც[3]. პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ შემოსავლებისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად  მოთხოვნა საკვებზე  კვლავ გაიზრდება. გაზრდილი მოთხოვნის დასაკამაყოფილებლად კი  საჭირო იქნება  რეალური გარდაქმნები აგროსასურსათო სექტორში[4].

საქართველოში აგროსასურსათო სექტორის განვითარების ტემპი დღესაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება  ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მაჩვენებლებს[5].

ასეთმა ეკონომიკურმა ზრდამ დღემდე ვერ შექმნა ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობები: საკმაოდ დაბალია აუცილებელი აგროსასურსათო პროდუქტებით დაკმაყოფილების დონე, არსებითად არ გაზრდილა სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაბალია შემოსავლების დონე, კვლავ მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები და სურსათის დეფიციტის შევსება ძირითადად იმპორტული პროდუქტებით ხდება. ქვეყნისათვის განსაკუთრებით აქტუალურია დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 მიზნიდან პირველ ხუთეულში განთავსებული მიზნების მიღწევა: სიღარიბის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, საქართველო სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.

კვლევის მიზანი. კვლევის მიზანია სასურსათო უზრუნველყოფის სფეროსა და აგროსასურსათო სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენით მდგრადი განვითარების პრიორიტეტების დადგენა.

კვლევის მეთოდები. კვლევის პროცესში გამოყენებულია სამაგიდე კვლევის, ასევე, ანალიზის, სინთეზის, ინდუქციისა და სხვა მეთოდები. თვისებრივი კვლევის მეთოდით ჩატარებულია ჩაღრმავებული ინტერვიუები ფერმერებთან და აგრარული სექტორის ექსპერტებთან.

მოსახლეობისათვის სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარება ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობაა. ამ კეთილდღეობას ადამიანები იყენებენ ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ინფრასტუქტურული განვითარების და გარემოს დაცვის საკითხებში.

საქართველოში აგროსასურსათო სექტორის განვითარების პრიორიტეტებს უპირველესად საფუძვლად უნდა დაედოს მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის პრინციპები. ამით სექტორის განვითარებაში არსებული პრობლემების გადაჭრა სისტემური მიდგომებისა და აგროსასურსათო ბაზრების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით იქნება შესაძლებელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად, ,,აგროსასურსათო სექტორის განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას“6.

აგროსასურსათო სექტორის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულია სოფლად სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის შემცირება და სურსათის დეფიციტის აღმოფხვრა. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას, ადგილობრივი წარმოების ზრდით გამოიწვევს იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო მოსახლეობის შემოსავლების გადიდებით უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მდგრად სასურსათო უზრუნველყოფას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, მათგან უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება. გლობალური ეკონომიკის პირობებში მკვლევარები განიხილავენ უშუალო კავშირს სოფლის მეურნეობასა და სურსათით უზრუნველყოფას შორის. მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია კიდე უფრო აქტუალურს ხდის სასურსათო უზრუნველყოფის მდგრადი განვითარების აუცილებლობას7.

აგროსასურსათო სექტორსა და მდგარად სასურსათო უზრუნველყოფას შორის დამოკიდებულების განხილვისას მეცნიერები მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ:

1. სურსათის დანაკარგების შემცირებას. ეს მაჩვენებელი სურსათის მთლიანი რაოდენობიდან 30-40% საზღვრებში მერყეობს. ამის გამო აგროსასურსათო ბაზრებზე დიდი რაოდენობით პროდუქტი არ მოეწოდება მომხმარებელს, შესაბამისად, იგი განიხილება როგორც სურსათის დანაკარგი.
2. სურსათის მიწოდების სფეროში მიზნების სწორად შერჩევას. ადამიანებს ესაჭიროებათ სურსათის ის რაოდენობა, რაც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. აუცილებელია სწორად მოხდეს მიწოდების ჯაჭვის მიხედვით სურსათის გადანაწილება და ჯანსაღი პროდუქტების შეთავაზება.
3. სურსათის ფასებს. გასათვალისწინებელია სურსათზე ფასების მერყეობა საბაზრო პირობების მიხედვით.
4. მთავრობის ჩარევას. ხშირად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები/სრულყოფა აგროსასურსათო პროდუქტების წარმოებისა და გასაღების სფეროებში. ასევე მნიშვნელოვანია სექტორის საბიუჯეტო მხარდაჭერაც4.
საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა. 2015 წელს წინა წელთან შედარებით საშუალოდ 2-4%-ით არის გაზრდილი მემცენარეობასა და მეცხოველეობაში წარმოების მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 1)9, მაგრამ ეროვნული აგროსასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

დიაგრამა 1. სოფლის მეურნეობის, ნადირობის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის პროდუქტების გამოშვება, მლნ ლარი

საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები მოუგვარებელია. მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ სურსათით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები დაბალია ხორბალზე, მცენარეულ ზეთზე, ფრინველის ხორცზე (17%-დან 31%-მდე), შედარებით მაღალია ბოსტნეულზე, მსხვილფერა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, კარტოფილზე (67%-დან 91%-მდე).
ისტორიულად საქართველოში, აგროსასურსათო სექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებდა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. თუმცა, ბოლო პერიოდის მონაცემები გვიჩვენებს, რომ დღეს სურსათით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები დაბალია (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2. ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები საქართველოში10

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასურსათო ბაზარი კვლავ უცხოური პროდუქტებით არის გაჯერებული და აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. საქართველოში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს და აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებულია დინამიკაში (იხ. დიაგრამა 3).

 

დიაგრამა 3. ექსპორტისა და იმპორტის დინამიკა 2013-2015წლებში თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

ადგილობრივი წარმოების ზრდა და ექსპორტის სტიმულირება სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.
მკვლევარები განიხილავენ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით:
1. საჭიროა შემუშავდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას დაავალდებულებს მიმწოდებლებს;
2. აუცილებელია სასურსათო სისტემების მუშაობა მდგრადი განვითარების კონცეფციის შესაბამისად;
3. მნიშვნელოვანია, გატარდეს რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის შენარჩუნებას11.
მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მიღწევა შეუძლებელია აგრარული სექტორის განვითარების გარეშე. დღეს საქართველოში ამ დარგში დაბალია მწარმოებლურობის დონე და მაღალია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლები. დარგის განვითარებისათვის პრიორიტეტულია ფერმერული მეურნეობების განვითარება. მკვლევარები დობერმანი და ნელსონი ფერმერული მეურნეობების განვითარების პრიორიტეტულობას აუცილებელ პირობად მიიჩნევენ მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფისათვის12. მეცნიერები აფასებენ სასურსათო წარმოების ზრდის მთავარ მიზნებს და ამასთან მნიშვნელოვნად განიხილავენ წყლის, ენერგიის, სამედიცინო საშუალებების და მიწის უტილიზაციასაც. ისინი ასაბუთებენ რა ფერმერული მეურნეობების განვითარების აუცილებლობას, მიაჩნიათ, რომ ძირითადად ამ გზით არის შესაძლებელი სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
პერსპექტივაში მოთხოვნა საკვებზე აუცილებლად გაიზრდება შემოსავლებისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად. სოფლის მეურნეობა საჭიროებს გარდაქმნებს, რათა დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა. გარდაქმნებისათვის აუცილებელია ინვესტიციები. 2016 წლის III კვარტლის მონაცემებით სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა 3 მლნ დოლარი შეადგინა13, რაც ინვესტიციების მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,6%-ია და საგრძნობლად ჩამორჩება ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობის გაზრდა საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გადალახოს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ჯანმრთელობის, განათლების, ეკონომიკური და სოციალური ზრდის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პრობლემებს.

სასურსათო უზრუნველყოფისა და აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია ფასები. ბოლო წლებში სურსათზე ფასების ზრდა მეცნიერებისა და პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი გახდა. საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე სწორედ ფასების ცვლილებას განიხილავენ, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის მთავარ გამოწვევას14.
საქართველოში სამომხმარებლო კალათის 30% სურსათზე მოდის. ევროზონაში ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება15. ასეთ პირობებში სურსათზე ფასების ზრდა განსაკუთრებით მგრძნობიარეა საზოგადოებისათვის. სურსათზე ფასების მატებას იწვევს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის ზრდა და შიდა ბაზარზე სურსათზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. საბოლოოდ ეს პროცესები აისახება საარსებო მინიმუმისა და ინფლაციის მაჩვენებლების ინდიკატორებში. 2016 წლის მონაცემებით სასურსათო სფეროში ინფლაცია თითქმის 2,5-ჯერ აჭარბებს არასასურსათო საქონლის ინფლაციას. 2016 წლის სექტემბერში სურსათი დაახლოებით 8,4%-ით გაძვირდა 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, ხოლო არასასურსათო საქონელი მხოლოდ 3,3%-ით. ამავე პერიოდში საარსებო მინიმუმი 5,5%-ით გაიზარდა16. მაშასადამე, სურსათის ფასების ზრდა აღემატება საარსებო მინიმუმის ზრდას. ფასების ზრდისა და ინფლაციის ტვირთი ყველაზე მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და შინამეურნეობების ბიუჯეტზე. შესაბამისად ასეთი ოჯახებისთვის ფასების 1%-ით ზრდა მნიშვნელოვნად აუარესებს მსყიდველობითუნარიანობას.
სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ გამოწვევად არასაკმარისი საბიუჯეტო მხარდაჭერის პოლიტიკაც უნდა განვიხილოთ. ევროკავშირთან შედარებით სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დახმარება საქართველოში მცირეა17. 2012 წლამდე საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი პრიორიტეტად არ განიხილებოდა, შესაბამისად ამ სექტორისთვის გაწეული საბიუჯეტო ხარჯებიც ცვალებადი და თანაც მცირე, კერძოდ, საერთო ხარჯების 0.44% იყო. 2012 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და ეს მაჩვენებელი 2015 წლისთვის 3.0%-ის ოდენობით დაიგეგმა18, თუმცა, ეს საკმარისი არ არის მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მისაღწევად.

კვლევით შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციები გამოვლინდა:

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დღევანდელი დონე ვერ უზრუნველყოფს მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მიღწევას. აუცილებელია დარგში მწარმოებლურობის გაზრდის თვალსაზრისით გარდაქმნების განხორციელება.
ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები საქართველოში დაბალია და რამდენჯერმე ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს. მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარი გამოწვევაა სოფლის მეურნეობის, მათ შორის ფერმერული მეურნეობების, განვითარება, წარმოების მასშტაბზე ორიენტაცია, სასურსათო და მიწის ბაზრების განვითარება და სხვა;

აგრარულ სექტორში გამოყენებული ინვესტიციების მოცულობა მცირეა და ფერმერებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია გრძელვადიანი კრედიტები. ინვესტიციების გაზრდა გამოიწვევს დარგში გამოყენებული ტექნოლოგიების გაუმჯობესებას და მწარმოებლურობის ამაღლებას, გაადვილდება ეკონომიკური და სოციალური ზრდის, სასურსათო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარება. ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს გრძელვადიანი სესხები, საჭიროა შეიქმნას შესაბამისი დაზღვევის მექანიზმები.

• სურსათზე ფასების ზრდა აღემატება საარსებო მინიმუმის ზრდას. ფასების ზრდისა და ინფლაციის ტვირთი მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და შინამეურნეობების ბიუჯეტზე და მნიშვნელოვნად მცირდება მსყიდველობითი უნარიანობა. ფასების სტაბილურობის მიღწევა მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის პირობაა.

• არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან დარგის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. აუცილებელია საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა, მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონის მიღება, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბუნდოვანი კანონების სრულყოფა.

• შეუსწავლელია ექსპორტის სტიმულირების პროგრამების სახეობები და განხორცილების ეტაპები. მიზანშეწონილია ადგილობრივი წარმოების ზრდის სტიმულირება შესაბამისი პროგრამების გამოყენებით.

დასაბუთებული, ეფექტიანი სასურსათო უზრუნველყოფისა და აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების კონცეფციის შექმნა გამოიწვევს მოსახლეობის ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის დონის გაუმჯობესებას, ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტის გაზრდას, ადგილობრივი წარმოების ზრდით ექსპორტის ჩანაცვლებას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

__________________________________________________

[1]„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“  http://unyd.ge/?page_id=350

[2] Thematic Group on Sustainable Agriculture and Food Systems of the Sustainable Development Solutions Network. 2013.  Solutions for Sustainable Agriculture and Food Systems. Technical report for the post-2015 development agenda.

[3] KPMG International. 2013. The agricultural and food value chain: Entering a new era of cooperation. www.kpmg.com

[4] Dobermann, A. & Nelson, R. 2013. Opportunities and Solutions for Sustainable Food Production. Sustainable Development Solutions Network Thematic Group on Sustainable Agriculture and Food Production.

[5] საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 - 2020 წწ. გვ. 11.

[6] საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 - 2020 წწ. http://www.moa.gov.ge/7/Strategy

[7] KPMG International. 2013. The agricultural and food value chain: Entering a new era of cooperation. www.kpmg.com

[8] Giovannucci, D., Scherr, S., Nierenberg, D., Hebebrand, C., Shapiro, J.,  Milder, J. & Wheeler, K. 2012. Food and Agriculture: The future of sustainability.

[9] www.geostat.ge

[10] დიაგრამა აგებულია მონაცემების საფუძველზე www.geostat.ge

[11] International Panel of Experts on Sustainable Food Systems. 2015. The New Science of Sustainable Food Systems – Overcoming Barriers to Food Systems Reform.

[12] Dobermann, A. & Nelson, R. 2013. Opportunities and Solutions for Sustainable Food Production. Sustainable Development Solutions Network Thematic Group on Sustainable Agriculture and Food Production.

[13] პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2016 წელი, III კვარტალი, www.geostat.ge

[14] International Panel of Experts on Sustainable Food Systems. 2015. The New Science of Sustainable Food Systems – Overcoming Barriers to Food Systems Reform.

[15] ი. არჩვაძე, ,,სოფლის მეურნეობა ჯერჯერობით ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება“ https://bpn.ge/finansebi/7141-sursathis-fasebis-inflacia-arasasursatho-saqonelze-25-jer-metia.html

[16] www.geostat.ge

[17] სოფლის მეურნეობის სტრატეგია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო, 2014, გვ. 7.

[18] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.